პაოლო იაშვილი - ღია გაკვეთილი 2018
პაოლო იაშვილი
პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2(14) აგვისტოს. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. ჯიბრაელი დიდად მომლხენი და ენამჭევრი თამადაც იყო, მის მონაყოლზე სუფრა სიცილისაგან ზანზარებდა.
საკმაოდ შეძლებულ შვილებმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს “ოქროს ვერძსა” და “ცისფერ ყანწებს”.
პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, 1937 წელს დაიღუპა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ. ეს ფაქტები ნათლად მეტყველებენ ჯიბო იაშვილის შვილების ტრაგიკულ ბედზე, იმაზე, თუ რა რისხვა დაატეხა თავს ახალმა, “ბედნიერმა” ეპოქამ მის დიდ ოჯახს.
პაოლო მოწოდებით მხატვარი იყო, ამ მიზნით გაემგზავრა 1913 წელს პარიზში, ლუვრთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად, მაგრამ მოგვიანებით პოეზიით გატაცებამ ხელი ააღებინა ფერწერაზე. პოეტი ახლოს გაეცნო ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პ. იაშვილის ლიტერატირულ მისწრაფებათა გამოკვეთის საქმეში.
1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და “ევროპის” ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.
მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე ხშირად იყო ხოლმე ხაზგასმით აღმიშნული, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს –საქართველოს გასაბჭოების დღეს და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი – “ახალ საქართველოს”. მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ “ცისფრერყანწელებს” საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა. ხელისუფლება თუ მისი გარკვეული წევრები ცდილობდნენ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს პოეტი აქტიურად იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. ეს ფაქტი დღევანდელი გადასახედიდან არარეალური და მიუღებელია, რადგან სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი კაცი, ბუნებრივია, შეგნებულად ვერ მოხვდებოდა იმათ ბანაკში, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას სისხლში ახშობდა.
1924 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა მათ ოჯახს თავზარი დასცა. პოეტის ძმა 22 ვასილი სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისათვის შორაპანში დახვრიტეს. 1922–25 წლებში თითქმის 1934 წლამდე პაოლო იაშვილის შემოქმედებითი მუშაობის ინტენსიობა შენელებული ჩანდა.
პაოლო მონაწილეობდა ყოველ ახალ წამოწყებაში, ხალხის კულტურის განვითრებაში. მან მშვენივრად იცოდა ფერწერით მხატვრობა. იგი ფართო დიაპაზონის პიროვნება იყო. მნიშვნელოვანია პ. იაშვილის წვლილი ქართული თეატრის შექმნის საქმეში. იგი კოტე მარჯანიშვილთან ერთად აქტიურად ჩაება ქართული თეატრის აღორძინებისათვის ბრძოლაში. იყო სცენისმოყვარე, მონაწილეობდა ქუთაისის თეატრში დადგმულ სპექტაკლ “ღალატში”.
პ. იაშვილი სულხან–საბა ორბელიანის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მას უნდოდა ს.ს ორბელიანის ნეშტის პოვნა ვსევსიატკოეში და გადმოსვენება.
მსხვერპლი – პირველი ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირეს, ქართველ მწერალთაგან, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. ცხადი იყო, რომ მეხი სულ მალე უნდა გავარდნილიყო.
პაოლო სულიერი ენერგიის მაქსიმალური მოკრებით, ვაჟკაცურად მოემზადა ამ ტარაგედიასთან შესახვედრად და რომ იტყვიან, ერთი ნაბიჯით დაასწრო იმ საბედისწერო განაჩენს, რითაც ხალხისა და ქვეყნის მტრად შერაცხულისათვის ტყვია უნდა დაეხალათ.
ამ გასროლის ხმა მთელს იმპერიაში გაისმა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პროტესტი.
ამ “პროვოკაციული აქტით” გაბოროტებულმა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას მოუწყო ულმობელი სასამართლო.
მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას…
გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე “იდეოლოგიური მავნებლობის” გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის “ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან”: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის მიერ “ჩადენილ მოღალატებრივ საქმიანობაზე”.
ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ “ხალხის მტრისა და დივერსანტის” საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.
მწერალთა კავშირის ოქმებში ხშირად გვხვდება ხალხის მტრებად შერაცხულ მწერალთა, დასჯილთა თუ დასასჯელად გამზადებულთა, სიები, რომლებიც შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას გვიქმნიან 1937 წლის მოვლენებზე. პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებანი სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი.
ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, “თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიცინსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე”. – იგონებს შალვა აფხაიძე.
მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია…
უკანასკნელი წერილი მან საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა იგი ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმა ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება.
მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს ცრემლმოერვით უთქვამს: “ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა”-ო.
თვითმკვლელობის თავისთავად შემაძრწუნებელ ამ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ”. მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.
სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ, ბოროტების იმპერიაში პროტესტის ნიშნად დაქუხებულმა ამ გასროლამ შედეგი ვერ მოიტანა, ვერ გამოაფხიზლა ეშმაკთან წილნაყარი ადამიანები. პირიქით, ჯერ კიდევ გაუცივებელი და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს.
1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. იგი სისხლში გასვრილ წუთისოფელთან საბოლოოდ ანგარიშსწორებული და მასთან საბედისწერო დუელში გამარჯვებული, მარადისობის გზას დაადგა და ყველას დიდსულოვანი დუმილით პატიობდა ადამიანურ სულმოკლეობას და სიმდაბლეს.
პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
. . .
პაოლო იაშვილი თითქოს სიცოცხლეშივე გრძნობდა შემაზრზენი განაჩენის მოახლოებას, რომელიც თავის ერთ-ერთ ლექსში აისახა:
“ღმერთო! აპატიე,-
მე თუ ვერ მიშველი-
დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი”.
სიმბოლიზმი მხატვრობაში
![]() |
არნოლდ ბიოკლინი |
![]() |
ფერდინანდ ჰოდლერი |
![]() |
ედვარდ მუნკი |
![]() |
ფერნანდ კნოპფი |
![]() |
ოდილონ რედონი |
![]() |
მაქს კლინგერი |
საშინაო დავალება
1. ლექსად გადმოცემული ჩემი გრძნობები
2. ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე
3. მოიძიეთ პაოლო იაშვილის სხვა ლექსი და შეადარეთ "დარიანულს"
4. "დარიანულის" ჩემეული ახსნა
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
2018 წლის 9 თებერვალი
გაკვეთილის თემა
|
სიმბოლიზმი
და პაოლო იაშვილის „დარიანული“
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო, IXბ კლასი,
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული ენა და ლიტერატურა/ მაყვალა მიქელაძე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე, განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს.
|
გაკვეთილის მიზანი
|
ლიტერატურული მიმდინარეობის გააზრება; მნიშვნელოვანი საკითხების დახარისხება
და დაკავშირება ლიტერატურულ ნაწარმოებთან; ჯგუფური მუშაობისათვის აუცილებელი უნარების
განვითარების ხელშეწყობა; პრეზენტაციაზე მუშაობის უნარის განვითარება; ისტ-ის მეშვეობით
ბლოგის გამოყენება, როგორც დამხმარე საშუალება.
|
მისაღწევი შედეგი ე.ს.გ-ს მიხედვით
|
ქართ.IX.1. მოსწავლე ისმენს და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისებს
სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.
·
მსჯელობისას იყენებს ციტატებს
საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ
მონაცემებს და ა.შ.;
·
ისმენს სხვების მოსაზრებებს
მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ
ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
ქართ.IX.3. მოსწავლე მსჯელობს განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
·
ამოიცნობს ზეპირი მეტყველებისათვის
დამახასიათებელი რა ნიშნები შემოდის ენაში მსჯელობის წერილობითიდან ზეპირ ფორმატში
გადასვლისას
(მაგალითად,ჟესტიკულაციის,მიმიკის,ინტონაციის,ხმის
დონის,და სხვა არავერბალური საშუალებების გამოყენება საქმიან,ფორმალურ და არაფორმალურ
სიტუაციაში, დებატებში და ა.შ ).
ქართ.IX.7.
მოსწავლე იყენებს ენობრივი მახასიათებლების ცოდნას ტექსტების სტრუქტურის ასახსნელად
·
აღნიშნავს რა მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები გამოიყენება
ტექსტში და რა მიზნით;
·
ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას,მიზნობრივად
გამოყენებულ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნიან ნაწარმოებში განწყობას და მსჯელობს
მათ დანიშნულებაზე.
|
წინარე
ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან სიმბოლოს მნიშვნელობა; ასახელებენ სხვადასხვა მნიშვნელობით
გამოყენებულ სიმბოლოებს; მიჯნავენ სიმბოლოსა და ალეგორიას ერთმანეთისაგან; იხსენებენ
ალიტერაციისა და ასონანსის განმარტებებს და მოჰყავთ მაგალითები.
მოსწავლეებმა იციან ინტერნეტში მუშაობა, აქვთ წვდომა ჩემს ბლოგთან, პერიოდულად
იყენებენ ჩემ მიერ განთავსებულ მასალას, რომლის ვიზუალიზაცია საკმაოდ დადებით ეფექტს
იძლვა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასებისას ვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს, ვაფასებ
ჯგუფური მუშაობის ხარისხს, პრეზენტატორისა და პრეზენტაციის წარდგენის ხარისხს.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები
|
სახელმძღვანელო, თეორიული მასალა, კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები,
დაფა, ცარცი, კალამი, მარკერი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
და დრო
|
საორგანიზაციო საკითხები :მისალმება,სწრებადობის აღრიცხვა-2 წთ
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა-1 წთ.
(ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის მიზანია გავერკვეთ სიმბოლიზმში,როგორც ლიტერატურულ
მიმდინარეობაში და როგორ აისახება ეს პაოლო იაშვილის ლექსში „დარიანული“).
|
A ფაზა- გამოწვევა
აქტივობა 1. კითხვა-პასუხი (მონაწილეობს
მთელი კლასი) -2წთ
1) რა არის სიმბოლო?
2) სიმბოლოსთან ახლოს, ტროპის,კიდევ რა სახე დგას?
3) შეიძლება თუ არა ტროპისა და ალეგორიის გაიგივება?
აქტივობა 2. ასოციაციური რუკა-2წთ.
ასოციაციური რუკის დახმარებით ასახელებენ სიმბოლოებს.
განმარტავენ ალიტერაციასა და ასონანსს-მოჰყავთ მაგალითები
პაოლო იაშვილის ბიოგრაფიის გახსენებისას, ვრთავ პროექტორს და დამხმარე რესურსად
ვიყენებ ბლოგს, სადაც წინასწარ განთავსებული მაქვს ფოტო და ვიდეო მასალა (პ. იაშვილის
ბიოგრაფია, შემოქმედება და მოღვაწეობა). მოსწავლეები ბლოგზე მოცემულ მასალას აღიქვამენ
და კითხვებზე მპასუხობენ ადეკვატურად. გაკვეთილზე, გამოწვევის ფაზაში, ბლოგის გამოყენება
საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა – 3წთ
|
|
B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
ჯგუფებში ვარიგებ თეორიულ მასალას- სიმბოლიზმთან
დაკავშირებით და ვთხოვ ყურადღება გაამახვილონ ამ ლიტერატურული მიმდინარეობის დამახასიათებელ
თვისებებზე, მის წარმომადგენლებზე,ქართულ სიმბოლისტურ გაერთიანებაზე, ქალის კულტზე,პოეტური
ენის მუსიკალურობაზე.
აქტივობა 3. თეორიულ მასალაზე მუშაობა-7წთ.
თეორიულ მასალასთან ერთად თითოეულ ჯგუფს
ვაწვდი მიცემული დავალების ინსტრუქციას ბარათის სახით.
I ჯგუფი-ყურადღებით წაიკითხეთ
თეორიული მასალა: სიმბოლიზმი,როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, სად წარმოიშვა? ვინ
არიან მიჩნეულნი სიმბოლიზმის წინამორბედებად?
II ჯგუფი-ყურადღებით წაიკითხეთ თეორიული
მასალა:ამოიწერეთ სიმბოლიზმის დამახასიათებელი ნიშნები.
III ჯგუფი-ყურადღებით წაიკითხეთ
თეორიული მასალა:აღმერთებენ თუ არა ქალს სიმბოლისტი პოეტები? როგორი ქალის მოტრფიალეები
არიან ისინი.
IV ჯგუფი-ყურადღებით წაიკითხეთ თეორიული
მასალა:სად,როდის და რა სახელით ჩამოყალიბდა ქართული სიმბოლისტური ლიტერატურული გაერთიანება?
ჩამოთვალეთ ჯგუფის წევრები.
V ჯგუფი-ყურადღებით წაიკითხეთ
თეორიული მასალა:პოეზიაში მუსიკის ეფექტის შესაქმნელად რას აქცევდნენ ყურადღებას
სიმბოლისტი პოეტები?
აქტივობა 4.თითოეული ჯგუფი პრეზენტაციის
ფურცელზე წარმოადგენს მიცემულ დავალებას-5წთ.
აქტივობა 5. ლექსის მხატვრული კითხვა-1წთ.
დამხმარე რესურსად ვიყენებ ბლოგს, მოსწავლეებს
ვაჩვენებ ვიდეო მასალას ონლაინ რეჟიმში, ვასმენინებ ბლოგზე ატვირთულ მაია ჯალიაშვილის
მიერ წაკითხულ პაოლო იაშვილის „დარიანულს“.
მინი ლექცია- „დარიანულის“ შესახებ-6წთ.
დარიანული ლექსების ავტორის
შესახებ.
აქტივობა 6. გაკვეთილის მსვლელობის დროს
ითვალისწინებ რა, მოსწავლეთა საჭიროებას, ვთხოვ ყურადღება მიაქციონ პროექტორს, რომ
დამხმარე რესურსად ისევ ბლოგი გამოვიყენოთ. ბლოგზე განთავსებულია სხვადასხვა დროის
მხატვრები და მათი ნახატები. მოსწავლეები ათვალიერბენ ბლოგს, თვალიერებისას ვუხსნი
და პარალელს ვავლებ ხელოვნებასა და ლიტერატურას შორის, ვსაუბრობ სიმბოლიზმზე, როგორც
ლიტერატურულ მიმდინარეობაზე; ნამუშევრებში - იდუმალების, მელანქოლიისა და ზეშთაგონების
გამოხატვაზე. ამის შემდეგ მოსწავლეებს ვავალებ, რომ ბლოგზე მოცემული მასალა გამოიყენონ
სათანადოდ, გამოარჩიონ და დაახარისხონ სიმბოლისტი მხატვრები და მათი ნამუშევრები.
ეს აქტივობა საინტერესო და საკმაოდ მუშა პროცესი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
აქტივობა 7. პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პრეზენტაციას-5წთ (ლექსში გამოხატული
განწყობის გადმოცემა სიმბოლოებით, ნახატით, ფერებით).
C-რეფლექსია
აქტივობა 8. საშინაო დავალება-2წთ
პროექტორის საშუალებით, ბლოგზე, მოსწავლეებს
ვაჩვენე საშინაო დავალების ოთხი შესაძლო ვარიანტი და დავავალე რომ დავალების შესრულებისას
გამოეყენებინათ ბლოგი. შეფასებისას, ყურადღება მიექცევა ნამუშევრის კრეატიულობას,
ვიზუალურ მხარეს, შინაარსს - რომელიც განიხილება მომდევნო გაკვეთილზე კომპიუტერულ
ოთახში.
1.ლექსად გადმოცემული ჩემი გრძნობები
2. ელენე დარიანის
ლეგენდა და სინამდვილე
3. მოიძიეთ პაოლო
იაშვილის სხვა ლექსი და შეადარეთ „დარიანულს“
4. „დარიანულის“
ჩემეული ახსნა.
ბლოგის გამოყენება
მოსწავლეებს დაეხმარა ყურადღების მობილიზებაში, წინარე მასალის გახსენების მიზნით
ახალი მასალის წვდომა-გააზრებაში, მიცემული საშინაო დავალების გარკვევაში; ნახეს
მასალები, რამაც უზრუნველყო მათი კიდევ უფრო მეტად დაინტერესება სწავლა-სწავლების
პროცესში. გაკვეთილი იყო ინტერაქციული, პროდუქტიული, ხალისიანი და აღქმადი.
აქტივობა 9. შეფასება-1წთ.
|
პაოლო იაშვილი
დარიანული
Комментарии
Отправить комментарий